ნებისმიერი გაკვეთილი და სავარჯიშო შეგიძლიათ გამოიძახოთ ძირითადი გვერდების მენიუს ამ ბმულიდან: სწავლება/ლიტერატურა
На русском || English

”ქართული ენის გაკვეთილები და სავარჯიშოები მოზარდთა და ზრდასრულთათვის” / ქართველთა კავშირი - 2010-2012

©ამ ქართული ენის გაკვეთილებისა და მათი სავარჯიშოების ავტორია ბადრი ქუთელია, ფილოსოფიის დოქტორი, სოციოლოგი და ქართული ენის პედაგოგ-მკვლევარი. შესაბამისად, საავტორო უფლება მას ეკუთვნის.

შესავალი

თუ ქართულ გარემოში ვიცხოვრებთ ექვსი და მეტი თვე, შეიძლება ქართული ენის ერთი ან რამდენიმე სამეტყველო ფორმა შევითვისოთ, რომლებიც ქართულის თავისუფალი ბუნების გამო მრავლად არსებობს. ისინი ისევე განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც გერმანულის, ინგლისურის, ფრანგულის, არაბულის, თუ ნემისმიერი სხვა ენის მრავალფეროვანი ზეპირი ენები და მათი დიალექტები.

ასევეა ქართულის სამეტყველო ენები თუ მისი დიალექტები. ისინი მრავალი საუკუნის განმავლობაში აყალიბებდნენ, ავითარებდნენ და ამდიდრებდნენ ქართულ ლიტერატურულ ენას, რომელზეც იქმნებოდა მწერლობა, ლოცულობდა ერი და იმართებოდა სახელმწიფო.

ზეპირი ენის ფლობა არაა საკმარისი იმისათვის, რომ სრულად ეზიარო ქართულ ცივილიზაციასა და თანამედროვე ქართულ რეალობას. მხოლოდ ზეპირი ენის ცოდნა მოგვცემს საშუალებას დავტკბეთ მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი ფოლკლორის ძველი თუ თანამედროვე ვარიანტებით.

მაგრამ ვერ ვეზიარებით იმ საუნჯეს, რომელიც ჩვენთვის საუკუნეების მანძილზე შექმნეს გიორგი მერჩულემ, იოანე მინჩხმა, იოანე ზოსიმემ, დავით აღმაშენებელმა, აფხაზ ჭაბუკად ცნობილმა იოანე პეტრიწმა, შოთა რუსთაველმა, პოეტმა მეფეებმა, დავით გურამიშვილმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა, ილიამ, აკაკიმ, ვაჟამ, გალაქტიონმა, შალვა დადიანმა, დიდმა კონსტანტინემ და კიდევ მრავალმა სხვამ. კარგია, თუ შევეცდებით ნელ-ნელა ჩვენი ცოდნის ნაწილად ვაქციოთ ისინი.

დღეს შეუძლებელია რომელიმე კულტურული მემკვიდრეობის ცოდნის გარეშე დარჩენა. აუცილებელია იცნობდე მსოფლიო კულტურის ნიმუშებს. ევროპულ კულტურასა და ლიტერატურას, თუ გინდა, რომ განათლებული ადამიანი გერქვას. თუ ინგლისში, რუსეთში, გერმანიაში ან საფრანგეთში დაამთავრე სკოლა, ამ ენებზე შექმნილ კულტურასა და ლიტერატურასაც უნდა იცნობდე. და ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ეს შეთვისებული კულტურაა შენი ნაწილი, არამედ შენც რუსული, ინგლისური, გემანული ან ფრანგულის ნაწილი ხარ.

გაქვს სურვილი, რომ ქართული სინამდვილე იყოს შენი ცოდნის ნაწილი, ან შენ იყო ქართული კულტურის მატარებელი? მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ამის გზაა ქართველთა წინაპრებისა და დღეს მოღვაწე ქართველთა შემოქმედებასთან ზიარება.

სიმღერა, ცეკვა, ზეპირი ურთიერთობა გვეხმარება ამაში. გაცილებით მეტი წარმატება გვექნება, თუკი ქართულ წიგნიერებას ვეზიარებით. დღეს წიგნირებასა და მწერლობაში უკვე ინტერნეტ-რესურსებიც იგულისხმება, თავისი ფორუმებით, ჩატებით, ბლოგებითა და ანალიტიკით, პროზითა და პოეზიით. ეს ყველაზე სანდო გზაა მათთვის, ვინც თავს ქართველად გრძნობს და არ სურს მხოლოდ თავისი ახალმოსახლეობის ქვეყნის კულტურის ნაწილი იყოს. არამედ უნდა მთლიანად გრძნობდეს იმას, რითაც მისი მშობლები, ბებია-ბაბუა და წინაპრები სუნთქავდნენ.

ამიტომ ჩვენც ქართულ ბგერებთან, სიტყვებთან, წარმოთქმასა და ინტონაციასთან ერთად ასოებსაც, ტექსტებსაც და დამწერლობასაც შევისწავლით. ნუ ვიფიქრებთ, რომ ამით საქმეს ვირთულებთ. პირიქით, ეს გაგვიადვილებს ქართულის შესწავლას.

მაშ ასე, დავიწყოთ! გაკვეთილი პირველი

 

 
Hosted by uCoz