2010 წლის ბოლო

ბადრი ქუთელია: საქართველო ემსგავსება ქვეყანას, რომელიც ჩქარცვალებად თანამედროვეობაში წარმატებით არსებობას შესძლებს

ba2009 2009 წლის მაისში, როცა ქართული ოპოზიცია საკუთარი აქტივობის ზენიტში იყო, პირwელი.კომ.გე  მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის საგრძნობლად შეცვლას პროგნოზირებდა. მართლაც, 2010 წელს ოპოზიციის უმეტესი შეგნებული ნაწილი აქტიურად ჩაერთო სახელმწიფოსა და ერის მშენებლობაში, ხოლო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ავტორიტეტმა ომისშემდგომ მაქსიმუმს (მას ზრდის პოტენციალი კიდევ გააჩნია) სამართლიანად მიაღწია.

ჩემი აზრით, 2009 წლის შიდაპოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების პირველი მიზეზი მოსახლეობის მიერ შიდა და გარე საფრთხეების საღი გააზრება იყო, რაც, თავის მხრივ, მოქალაქეთა პოლიტიკური კულტურის რაციონალიზაციის მაჩვენებელია.

მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი ხელისუფლების სულ უფრო და უფრო ადექვატური ნაბიჯები იყო. ადექვატურში პოლიტიკური ქცევის, როგორც პოლიტიკური მენტალიტეტის გამოვლენის უფრო მოდერნისტულიდან პოსტმოდერნისტულისკენ შეცვლას ვგულისხმობ. სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, მეოცე საუკუნიდან გამოყოლილი, ინდუსტრიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სიხისტე "სწრაფმდინარი მოდერნიტისთვის" დამახასიათებელი და სასურველი ღია და კეთილმოსურნე ლოიალობით შეიცვალა არა მხოლოდ "მტრის", არამედ მოყვასის მიმართაც. ამ საკითხში, ჩემი რწმენით, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი სამაგალითოა. იმედია, შიდა კურსის ეს ვექტორი შენარჩუნებული იქნება, რაც მომავალშიც კარგ დივიდენდებს მოგვიტანს.

მესამე, ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი შიდაპოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისა მისი გარე ინტენციით განპირობება იყო, რაც 2009 წლის ზაფხულში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის საქართველოში ვიზიტით გამოიხატა. ამ ვიზიტმა მაშინ შიდა ასპარეზზე მოქმედ ოპოზიციურ და მესამე მხარის ძალებს თვალნათლივ დაანახა, როგორ აღიქვამდა საერთაშორისო პრაქტიკა საქართველოს სიტუაციას.

რა თქმა უნდა, გაჯანსაღების მიზეზი თავად ოპოზიციური პოლიტიკური ძალების უმეტესი ნაწილიც არის. მათი მომავალი ურთიერთქმედებებისათვის მზადყოფნის დაპირება 2010 წლის სასიამოვნო შედეგია.


ბაიდენის ვიზიტს შესაძლოა, სხვა მიზეზი ჰქონდა - საქართველოს დაცვა, განმეორებითი აგრესიის პრევენცია და საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთის პოლიტიკური პოზიციონირების ნათლად წარმოჩენა. ქართული ოპოზიციის რეაქცია მასზე უფრო ჩქარი იყო, საქართველოთი დაინტერესებული მესამე ძალისა კი - არცთუ თვალსაჩინო, თუმცა საგრძნობი. აღსანიშნავია, რომ pirweli.com.ge-ის ანალიტიკაში ასეთი პროგნიზიც არის გამოქვეყნებული. ასეა თუ ისე, საქართველომ თანდათან რუსეთის ინფორმაციულად აქტიური საზოგადოებრიობისთვის რეფერენტულ ქვეყნად გადაქცევა დაიწყო.

2010 წლის პროცესების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინამორბედი ჰაიდი ტალიავინის კომისიის 2009 წლის დოკუმენტი იყო, რომელმაც საქართველოში ორაზროვანი შეფასებები დაიმსახურა.

წლის კიდევ ერთი განმსაზღვრელი ფურცელი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინთონის თბილისში ვიზიტია. ამის შემდეგ საქართველოს მიმართ აგრესიის პრეცედენტის გამეორება არათუ შეუძლებელი გახდა, არამედ თავისი სახელი დაერქვა რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციასაც. ის, რაც 2008 წლის შემოდგომაზე ვერ თუ არ თქვეს, ის, რაც ტალიავინის 900 გვერდიან დასკვნას აკლდა, ის, რაც ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსის აზრით, აკლდა  ევროპის ზოგი ქვეყნის აქტივობასა და აშშ-ის დემოკრატიული მმართველობის პოზიციებს, მთლიანად ითქვა ნატო-ს 2010 წლის შემოდგომის სამიტზე, ევროპის კავშირის უსაფრთხოების ორგანიზაციის შეხვედრასა და ასტანაში. აშშ სენატის არჩევნების შემდეგ Cvens მიერ გამოქვეყნებული პროგნოზი საქართველოს საკითხში სწორედ ამერიასთან ერთად ევროპული ქვეყნების ინიციატივაზე მიუთითებდა.

2010 წლის ევროპული და ყაზახური დაჯამება წლის ის შედეგი იყო, რომელიც დიდ იმედებს იძლევა. ამ დროიდან საქართველო თანდათანობით სხვა მეზობელი ქვეყნებისათვისაც საორიენტაციო სახელმწიფოდ იქცა.


ცალკე აღნიშნვის ღირსია ქართულ საზოგადოებაში მომხდარი მენტალური რევოლუცია და უნილატერალური კონსტრუქტივიზმი რუსეთთან ურთიერთობაში.
"ვარდების რევოლუციის" მენტალურ რევოლუციაში გადაზრდა, ერთის მხრივ, მართლაც ასახავს ცვლილებებს ცნობიერებაში, მეორეს მხრივ კი ამ პროცესის აუცილებლობაზე მიუთითებს. ქართული საზოგადოების ყველა ფენაში საბჭოურ მენტალიტეტზე უარი სრულად არ არის ნათქვამი, არც ევროპული ცნობიერებაა დამკვიდრებული. იგი უფრო ვირტუალურად არსებობს და მისი რეალიზაცია ცხოვრების გარემოებების შეცვლის პარალელურად არის შესაძლებელი. 2010 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფაქტობრივმა სიახლეებმა გვიჩვენა, რომ პრეზიდენტის განცხადება საფუძვლიანია და საქართველო მართლაც ემსგავსება იმ ქვეყანას, რომელსაც უნარი ექნება, წარმატებით იარსებოს ჩქარცვალებად თანამედროვეობაში. სწრაფ ცვლილებებს კი, რაც მომავლის მუდმივი რეალობაა, ხასიათსა და ქცევაში სიხისტე ვერ შეეფერება, არამედ სწრაფი და მოქნილი რეაქცია ესაჭიროება. დიდი ხანია, "ჰარდვერი" "სოფტვერმა" შეცვალა, - საქართველოც ამ მოქნილი ტექნოლოგიით აღიჭურვება. მოქნილობა მენტალურ რევოლუციასთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ევროკავშირის სხდომაზე გამოსვლის საკვანძო ტერმინი იყო.
წლის დადებით შედეგად უნდა ჩაითვალოს საქართველოს მიერ რუსეთთან ურთიერთობაში კიდევ ერთხელ გამოცხადებული ცალმხრივი კონსტუქტიულობაც. საქართველოს მხრიდან მისი დაცვა ემყარება იმ პირობებს, რომლებიც ევროპის მაღალი დონის შეხვედრებმა აგრესორ ქვეყანას წამოუყენა. იმედია, ერთი მხარის კონსტრუქციულობას მეორე მხარე ამითვე უპასუხებს. ქართულ-რუსულ ურთიერთობებში დღემდე მისტიროდნენ ტრადიციული ურთიერთობების აღდგენას "ერთი რწმენის ორ ხალხს" შორის და ამ ფორმულაში არაფერი იყო ნათქვამი სახელმწიფოების შესახებ. რეალურად კი საჭიროა ორი მართლმადიდებლური ავტოკეფალიის, ორი ხალხისა და საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში არსებული ორი სახელმწიფოს კეთილი ურთიერთობები. არც ფასეულობითი ორიენტაციებია უმნიშვნელო.

თავად რუსეთში 2010 წელი სამწუხაროდ, ეთნიკური დაპირისპირებების გამწვავების შესახებ ინფორმაციით დასრულდა. ეს რუსეთში მაცხოვრებელ ყველა ერსა თუ ეთნოსს ეხება, - ქართველებსაც, თუმცა საუბარი ჩრდილოეთ კავკასიასა და კერძოდ დაღესტნიდან მოსკოვში ჩამოსული ექსტრემისტების გააქტიურებაზე იყო. რუსეთში დაძაბულობის სოციალური და ადამიანის თავისუფლებებთან დაკავშირებული მუხტი მეტია, ვიდრე ეროვნებათშორისი დაძაბულობისა, რაც წლის ბოლოს ერთა შორის ორმხრივ მტრობად წარმოაჩინეს. ინფორმაციით ეთნოდაპირისპირებებზე პოლიტიკური დისკურსების სიმძაფრე შეანელეს და სოციალური აქცენტი სხვა ობიექტზე გადაიტანეს. როგორც ჩანს, ეს უკვე დაწყებული საპრეზიდენტო კამპანიის ნაწილია. ერთი მხარე რუსეთს აფხიზლებს ეკონომიკურ ჩამორჩენილობაზე ყურადღების გამახვილებით და სთავაზობს მოდერნიზაციასა (მერამდენედ) და ახალ ნაუკოგრადებს, მეორე კი პიროვნული თუ სოციალური საფრთხეების აქტუალიზაციას ახდენს და მათი დადებითად გადაჭრის გარანტად საკუთარ კანდიდატურას სთავაზობს საზოგადოებას.

წლის ბოლოს რუსული ინფორმაციული ნაკადის ნაწილი ქუთაისში აფეთქებული ძეგლის ანალოგის პოკლონნაია გორაზე დადგმას ეხება. ამ აქციის ძირითადი ფიგურანტები რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მოსკოვის მერიის წარმომადგენლობა და ბურჯანაძე-ნოღაიდელი იყვნენ. ერთ გადაცემაში ძეგლის გახსნაზე დამსწრე თითო-ოროლა მოსკოველი ქართველიც ღონისძიების სტუმრად მოიხსენიეს. რუსეთის ქართულ დიასპორაშიც შეიმჩნევა ძვრები, რაც 2010 წლის შემდეგ საქმიანობის ახალ ეტაპზე გადატანის მოთხოვნითაა განპირობებული. კერძოდ, ხელახლა დადგა ქართველის კოდექსის შექმნის საკითხი. თუ ამ წერილში ზემოთთქმულს გავითვალისწინებთ, პირველი პუნქტი ამ კოდექსისა ალბათ, „გვიყვარდეს ერთმანეთი და სხვები" უნდა იყოს. ეს ქრისტესეული ფორმულა არათუ მოძველებული, არამედ აქტუალურია, როგორც არასდროს. ეს ფორმულა ჩვენთვის მარადიულიც არის: ზოგჯერ ბრძოლის მეთოდად - "ვარდების სროლას", ხოლო იარაღად ვარდს ვირჩევთ".

ბადრი ქუთელია სოციოლოგი, ფილოს.მ.კ., რმა სოციოლოგიის ინსტიტუტი

აღნიშნული მასალა საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"-ის კორესპონდენტმა ლევან ჭითანავამ გამოაქვეყნა სააგენტოს საიტზე 2010 წლის 27 დეკემბერს. ხაზგასმები სააგენტოსია

Hosted by uCoz