დიასპორა და სამშობლო

დიასპორა და სამშობლო

(ჟურნალისტ ეკა სარალიძის შეკითხვებს პასუხობს სოციოლოგი ბადრი ქუთელია - 2006 წლის შემოდგომა)

1. იქნებ მკითხველს უთხრათ თქვენს შესახებ...

დავიბადე თბილისში, მაშინ, როცა სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მერე სტალინი მოკვდა და მისი შექმნილი პარტიული ნომენკლატურა ერთმანეთს დაერია. თამაშის წესები შეცვალეს. მგონია, ქართველებმა მაშინ იგრძნეს, შეიძლება ჩვენც რაიმე შევცვალოთო და თბილისში გამოსვლები დაიწყო. მე ამ ამბებიდან მხოლოდ ერთი რამ მახსოვს: 4 წლის ვიყავი, როცა ერთხელ საკმაოდ თბილად ჩაცმული დედა შემოვიდა სახლში და თქვა, ქუჩაში ისვრიანო. დავამთავრე თბილისი პირველი საშუალო სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მცირე ხანს ამავე ფაკულტეტზე ვმუშაობდი. შემდეგ გადავედი სოციოლოგიის კათედრაზე - გავსოციოლოგდი, ჩავაბარე მოსკოვის სოციოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში, დავიცავი დისერტაცია, დავბრუნდი თბილისში. ვმუშაობდი საქართველოს ფიზიკური კულტურის კვლევითი ინსტიტუტის სოციოლოგიის განყოფილების გამგედ. აქ გავეცანი ფიზიკური კულტურისა და სპორტის სოციოლოგიას, ჯანმრთელობის სოციოლოგიას, მოცალეობის სოციოლოგიას, რაც ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ასპირანტურიდან მოყოლებული სოციალური კომუნიკაციების სოციოლოგია და სოციალური პრობლემები უფრო მიტაცებდა. მალე გადავედი თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ქართული პრესის სოციოლოგიური შესწავლის ლაბორატორიაში, სადაც 1994 წლამდე ვიმუშავე. ჩემი ინტერესების სფეროში შემოდიოდა გაზეთების კონტენტი, პრესის აუდიტორია, აუდიტორიის (ფაქტიურად ეს იგივეა, რაც მოსახლეობა) სოციალურ-პოლიტიკური პრიორიტეტები. 1990-იანი წლების დასაწყისი, მოგეხსენებათ, ძლიერ ინტენსიური იყო სოციალური და ეროვნული ძვრების თვალსაზრისით. მაშინ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან (მათ არაფორმალებსაც ეძახდნენ) ერთად ბევრ გამოკითხვებს ვატარებდით. ვსწავლობდით საზოგადოებრივი მოძრაობის მონაწილეთა აზრს, დამოკიდებულებას ქვეყნის განვითარების მიმართულებებთან (მათ შორის აფხაზეთშიც), პოლიტიკოსთა რეიტინგებს თბილისში და სხვა. ახლა საინტერესო იქნებოდა მათი ხელახალი გაანალიზება. ”მრგვალი მაგიდის” სოციოლოგიური ჯგუფი სწავლობდა 1990 წლის ოქტომბრის არჩევნების პერიოდის ქართულ პრესას, რომელმაც გვიჩვენა, რომ გაზეთებში ოპოზიციური პარტიების მიმართ დისკრიმინაცია არ იყო (როგორც შემდეგ გამოირკვა, ცკ-ს საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა 1990 წლის სექტემბერში მიიღო შედეგი, რომ კომპარტია გაიმარჯვებდა და ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ ოპოზიციური ძალებისთვის ხელოვნურად ხელი შეეშალათ). არასაბჭოური უზენაესი საბჭოს არჩევის შემდეგ ვმუშაობი ამ ორგანოს პროგნოზირებისა და ინფორმაციის ცენტრის კონსულტანტად. მის ანგარიშზეა რამდენიმე ბიულეტენის მომზადება ეროვნული დეპუტატებისათვის, სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გამოკითხვების ჩატარება, პირველი საპრეზიდენტო არჩევნების სოციოლოგიური შესწავლა და სხვა. მოკლედ, პროგნოზირების ცენტრი ფრიად სასარგებლო უჯრედი იქნებოდა დემოკრატიული პარლამენტარიზმისათვის, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო იგი მალე დაიხურა. 1991 წლის მეორე ნახევარში პრეზიდენტის პრესის სამსახურში ვმუშაობდი რეფერენტად, მაგრამ ამ დროისათვის ძლიერ აირია ქვეყნის ცხოვრება. ყოველგვარ გამოცდილებას მოკლებულმა და ფაქტობრივად ინფორმაციულ ”ორმოში” მოქცეულმა საქართველოს ხელისუფლებამ ვერ შესძლო გამკლავებოდა ვერც რუსეთის ინფორმაციულ მანქანას, ვერც მოსკოვიდან ნაკვებ ოპოზიციას და ვერც დასავლეთს დაუმტკიცა საკუთარი დემოკრატიულობა და დასავლეთურობა. თუმცა ეს სიმართლე იყო. გამსახურდიასა და იმდროინდელი ეროვნული ხელისუფლების მთავარი მიზანი ეროვნული დამოუკიდებლობა კი იყო, მაგრამ უპირველესი ამოცანა საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის დაძლევა, იყო, მოსახლეობისათვის განვითარების ევროპული გზის პირობების შექმნა. ალბათ მაშინ ჯერ საამისო დრო არ იყო დამდგარი. არც სათანადო ცოდნით აღჭურვილი კადრები გვყავდა და ხალხი ძლიერ იყო მიბმული საბჭოურ ყოფაზე (ქვეყნის შიგნით შევარდნაძისეულმა 12 წელიწადმა ამ მხრივ მხოლოდ გაუარესება მოიტანა). 1992 წლის ეროვნული ხელისუფლების დამარცხებას ქვეყნის სრული გაპარტახება მოჰყვა. ნომერნკლატურული რევანშის შედეგად დაბრუნებულ შევარდნაძის აპარატს შესაძლოა არც კი მოსწონდა იოსელიანისა და კიტოვანის რაზმების მხარდაჭერა (სარიშვილი მოსწონდა), რომელთა მეშვეობითაც საქართველო დაამარცხეს. მაგრამ აქ მთავარი არის არა მოუთოკავი ბანდიტური ძალების კავშირი ყოფილ საბჭოთა ”ელიტურ” მმართველობასთან, არამედ ის, რომ მობრუნებული ხელისუფლება ხელისუფლების შენარჩუნებისათვის მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა ლოიალურ პოლიტიკურ და სამსახურში ჩაყენებულ პარამილიტარისტულ სტრუქტურებს, რამაც სრული გამუკითხაობა წარმოშვა. ამ ბანდიტური სტრუქტურების მოთოკვას (რომლებსაც დღეს აფხაზეთის მოსახლეობის დაწიოკებას აბრალებენ და რომლებიც აფხაზეთამდე თბილისსა და დასავლეთ- თუ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ნაწილებსაც არბევდნენ) შევარდნაძემ 4-დან 7 წლამდე მოანდომა და, თითქოს, 1998 წლიდან საქართველომ ახალი ცხოვრება დაიწყო (ისიც შევარდნაძისეული შეფასებით). მართალია, ნომენკლატურული რევანშის პერიოდისათვის დამახასიათებელი შეიარაღებული ბანდიტიზმი მოისპო, მაგრამ გაიფურჩქნა საბჭოთა უძრაობის დროისათვის დამახასიათებელი ჩინოვნიკური კორუფცია, რაც (როგორც საბჭოთა პერიოდში) მთელი საზოგადოების ”ფუნქციონირების” აუცილებელ პირობად იქცა. თუ წიაღისეულით მდიდარი საბჭოეთისათვის — და დღევანდელი რუსეთისათვისაც,— ეს თითქოს კატასტროფული არ ჩანდა (ანტისაზოგადოებრივი მექანიზმის მუშაობისუნარიანობის შენარჩუნებაზე გაფლანგული სიმდიდრე წიაღისეულის ხარჯზე ივსებოდა), საქართველოსათვის დამღუპველი იყო. აქა-იქ მშენებარე სახლების და ბადენ-ბადენში კურორტების ფონზე ქვეყანა სრულ გაპარტახებამდე მივიდა. ეს საბჭოური მცონარული მოდელი სულ არ არგია საქართველოს. აქ მოსახლეობამ ჩიკორივით უნდა იტრიალოს დღედაღამ. 2003 წლის ბოლოსათვის ამ აზრამდე მივედით და მგონი, დღეს ვცდილობთ მავნე მოდელის შეცვლას. ძალიან ძნელია უძრაობის ინერციის დაძლევა. ვუსურვოთ ვარდის ყვავილის ხელისუფლებას წარმატება და ხელს ნურავინ შევუშლით, სჯობს ხელი შევუწყოთ. 1992-1993 წლებში უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის გარდა ვმუშაობდი სტატისტიკის კომიტეტში, ვკითხულობდი ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. ვსწავლობდით სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას (მაგ. გამოვიკვლიეთ კორუფციის დონე სახელმწიფო სტრუქტურებში და მოსახლეობაში ი.გოგოძესა და ა.წაქაძესთან ერთად), სოციალურ სტრუქტურას, არჩევნებს და სხვა.

2. a) ბატონო ბადრი, თქვენ მერამდენე თაობის დიასპორის წარმომადგენელი ხართ?

b) მოკლედ გვიამბეთ ქართული დიასპორის შესახებ რუსეთში. პირველად როდის დაარსდა და ვისი ხელშეწყობით?

ა) 1993 წლის ბოლოს იძულებული შევიქენით გადმოვსულიყავით მოსკოვში. ეს გაგვიადვილდა იმიტომაც რომ, ჩემი მეუღლე მოსკოველია. შვილები (ბიჭი და გოგო) მოსკოვში არიან დაბადებულები, ხოლო ფეხი და ენა თბილისში აიდგეს. ბაღის ასაკიდან უკვე სულ მოსკოვში უხდებათ ცხოვრება, ისევე, როგორც დაახლოებით კიდევ 800 ათასამდე ქართველის ოჯახების ბავშვებს, მაგრამ ანბანი ჯერ ქართული ისწავლეს, თუმცა ქართულ სკოლაში მათი ტარება ვერ მოვახერხეთ. დღეს, ლექსიკური მარაგის სიმცირის პირობებში, სრულიად თავისუფლად საუბრობენ ქართულად. უკვე გაიზარდნენ და რადგან ყველა ასაკს თავისი ენა შეესაბამება, მათი ქართულიც უკან რჩება. პროფესიისათვის ემზადებიან, ხოლო რუსეთში პროფესიული მზადების ენა, რა თქმა უნდა, რუსულია. მე პირველი თაობა ვარ. მეორე თაობას არსებულ პირობებში უჭირს ქართულის შენარჩუნება. ჩემს მაგალითს, რომ შვილებმა შერეული (თუნდაც შეურეველი) ოჯახის პირობებში ქართული იციან, დიდ გამონაკლისად მიიჩნევენ. რაღაც მექანიზმის შემუშავებაა საჭირო, რომელიც დიასპორის მეორე თაობას ქართულის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ბ) რუსეთში ქართული დიასპორა ძველია. მე მე-17 საუკუნიდან დავიწყებდი, როცა თეიმურაზ პირველის შვილიშვილი ნიკოლაი დავიდოვიჩი (ასე ეძახდნენ პეტრე პირველის მამის კარზე მომავალ ერეკლე პირველს) მის თანმხლებ ამალას უმაღლესი რანგით მასპინძლობდნენ. ამას მოჰყვნენ არჩილ მეფე, მისი შვილები ალექსანდრე და დარეჯანი (დარია), ვახტანგი, სულხან-საბა, დავით გურამიშვილი. ქართველ დიდებულებს მამულები დაურიგეს და იმპერატორის სამსახურში ჩააყენეს. მოსკოვში ორი კოლონია დაარსდა –- ერთი კრასნაია პრესნიაზე, სადაც დღეს ზოოპარკია (ბოლშაია და მალაია გრუზინსკაიას ქუჩები), მეორე – სოკოლის ტაძრის მიდამოებში. ამას გარდა ქართველებს მოსკოვის ისტორიულ ცენტრში სარგებლობაში ჰქონდათ კიდევ რამდენიმე შენობა, დონის მონასტერიც და მიში მშენებლობაც ქართველთა გამგებლობაში იყო გადაცემული. საერთოდ პეტრესა და ელიზავეტას დროს მეტ პატივში იყვნენ ქართველი მეფეების თანმხლები ამალა და მათი მომსახურე ქართველობა. შემდეგ სტუმრობა გაუგრძელდათ... პატივიც დააკლეს. ქართველს სჩვევია, სადაც მივა, იქაური ქუდი დაიხუროს. ქართველი დიდებულები ასე იქცეოდნენ მუსულმანურ ქვეყნებშიც კი, და, მით უმეტეს, რუსეთშიც ფორმალური მართლმადიდებლობისა და ევროპეიზმის გამო უფრო ადვილად რუსდებოდნენ. ასეთი ტრანსფორმაციის მაგალითებია პეტრე ბაგრატიონი და ბაქოს აღების დროს დაღუპული ციციანოვი, რომელთაც სიცოცხლე რუსეთს შესწირეს; შემდეგ სტალინი და ორჯონიკიძე, რომელთა პოლიტიკური კარიერა ვერ იქნებოდა წარმატებული, მათ რომ საქართველო არ შეემატებინათ ბოლშევიკური იმპერიისათვის. საბჭოთა პერიოდში ქართველთა რიცხვმა რუსეთში იმატა, თუმცა სხვათა ფონზე მაინც მცირე იყო. მიგრანტთა პირველითაობა ინარჩუნებდა ქართულ ენას, მეორე უკვე კარგავდა მას. ენასთან ერთად ემოციური არა, მაგრამ მამულიშვილური კონტაქტიც იკარგებოდა. აღვნიშნავდი 56 წლის შემდგომ ზრდას ქართული დიასპორისას, რაც მოჰყვა ”თამაშის წესების” შეცვლას საბჭოთა რეალობაში. გადასვლის მიზეზი ძირითადად კარიერული და პროფესიული პერსპექტივის პირობები იყო. ამას რა თქმა უნდა, ხელი ეწყობოდა, ვინაიდან კურსი აღებული იყო ერთიანი საბჭოთა ხალხის ჩამოყალიბებაზე. საქართველოდან რუსეთში ემიგრაციის პიკი საბჭოთა პერიოდისათვის იყო მე-20 საუკუნის 70-იანი წლები და 80-იანი წლების პირველი ნახევარი – როცა შევარდნაძე კოპარტიის ცეკას მითითებით ებრძოდა მავნე ტრადიციებს, ანტისაზოგადოებრივ მოვლენებს და ბურჟუაზიულ გადმონაშთებს საქართველოში. შემდეგ გადასვლა მეტ-ნაკლები ცვლილებებით გრძელდებოდა პერესტროიკის ხანამდე. პერესტროიკას გაღვიძება მოჰყვა, ხოლო საქართველოში ეროვნული ხელისუფლების გამარჯვებამ ქართველების საქართველოდან და რუსეთში მიგრაციის დადებითი სალდოს შემცირება გამოიწვია. 1990-1991 წლებში კი ეს მაჩვენებელი უარყოფითიც კი გახდა, ანუ განვითარდა უკუპროცესი და მცირედ იმატა რუსეთიდან საქართველოში შემოსული ქართველების რიცხვმა. 1992 წლიდან მდგომარეობა კვლავ შეიცვალა, რაც საქართველოში ყოფილი კომპარტიული ნომენკლატურის ხელისუფლებაში ძალით დაბრუნებას და ფაქტობრივად მათი შეუზღუდავი განუკითხაობის რეჟიმს მოჰყვა. 1992-1995 წლების გამნავლობაში საქართველოდან მოსკოვში გადავიდა უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ხრუშჩოვისეული ოტტეპელიდან გორბაჩოვისეული პერესტროიკის ხანამდე. მიგრაციული ნაკადი უკვე აღნიშნული პირობის გამო მძლავრი იყო და დღეისათვის ჩვენი ანგარიშით მოსკოვში 300,000, ხოლო რუსეთში მთლიანად 800,000 ქართველი უნდა იყოს (ეს მონაცემები შეფასებითია). მოსკოვში ქართული დიასპორის 8-9-ჯერ ზრდამ დროის მოკლე მონაკვეთში დიასპორის თვისობრივი შეცვლა გამოიწვია. გლობალურმა და ლოკალურმა პროცესებმაც ხელი შეუწყო დიასპორალური ორგანიზაციების წარმოქმნას. პირველი ოფიციალური ორგანიზაცია 20 წლის წინ შეიქმნა მოსკოვში (”ძალისა”) და იგი რუსულ-ქართული კულტურული ურთიერთობის ხელშეწყობა-განვითარებას ცდილობდა. მაშინ დაიწყო მალაია გრუზინსკაიაზე მდებარე ქართული ეკლესიის ქართული მრევლისათვის გადმოცემის პროცესი, რომელიც წარმატებით დასრულდა (დღეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია აღარ ეკუთვნის ქართულ მრავლს, რომელიც ძირითადია ამ ეკლესიისათვის, არამედ რუსეთის საპატრიარქოს გამგებლობაშია, მაგრამ ითვლება ქართულ ეკლესიად და ლოცვაც ქართულად აღევლინება). მეორე, რეალურად მასობრივი და ამდენად მართლაც საზოგადოებრივი, იყო ”მოსკოვის ქართული სათვისტომო”, რომელიც შეიქმნა 9 აპრილის ტალღაზე და რომელიც მაღალი აქტიობით გამოირჩეოდა ეროვნული მოძრაობის აღმავლობის ეტაპზე და აფხაზეთის ომის დროსაც. ნომენკლატურული რეაქციის პირობებში ”მოსკოვის სათვისტომო” რამდენადმე პასიური გახდა. მესამე დიასპორალური ორგანიზაცია იყო ”ქართველთა საზოგადოება რუსეთში”, რომლის ”პროფილი” უმეტესად კონცერტების, შეხვედრების, გამოფენების გამართვა იყო ქართული დიასპორის და ქართველების მეგობარი შემოქმედებითი ძალების მონაწილეობით მოსკოვის ქართველებისა და მათი მეგობრებისათვის. გასაგებია, რომ დიასპორალური ორგანიზაციების საქმიანობა ძირითადად კულტურული, საგანმანათლებლო, კულტურულ-პროპაგანდისტული, ინფორმაციული იყო, მაგრამ თითოეულ ორგანიზაციას მაინც გააჩნდა საკუთარი თავისებურებები. ”სათვისტომო” უფრო ახალი მიგრანტებისაგან შესდგებოდა და უფრო ოპოზიციური იყო შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ (თუმცა ”შევარდნაძისტები” იქაც იყვნენ); ”ქართველები რუსეთში” თავიანთ საქმიანობაში უფრო ეყრდნობოდნენ ”სტაჟიან” მოსკოველ და რუსეთელ ქართველებს, რომელთაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მიაღწიეს საზოგადოებრივ და პროფესიულ აღიარებას და ცდილობდა კულტურული ღონისძიებების გამართვაში ხელისუფლებებთან ურთიერთობით ესარგებლა (თუმცა მათ შორისაც მრავლად იყვნენ ისინი, ვისაც ”ზვიადისტებს” ეძახდნენ). ”ძალისა” აქცენტს ქართველთა და რუსთა ისტორიულ და კულტურულ-რელიგიურ ერთიანობაზე აკეთებდა და ცდილობდა ზოგჯერ ანტიქართული ტენდენციების დროს შეეხსენებინა, რომ ღმერთი ერთია და სხვა საერთოც ბევრი გვაქვს. წარმოიშვა სხვა ორგანიზაციებიც. ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვისას, მაგალითად, პოპულარობით მესამე აღმოჩნდა ფონდი ”კრედო”, რომელივ თანამოქალაქეებს იურიდიულ და ფინანსურ ხელშეწყობას ჰპირდება. კონკრეტულ მიზნობრივ დახმარებას მათ, ვინც ამას საჭიროებს ასევე ხშირად უწევენ ”სათვისტომო” და ”ქართველები რუსეთში”. არის სხვა ბევრი მცირე ორგანიზაციაც, ზოგი ძველი და ზოგიც ახალი, მოქმედებენ ჯგუფები უმაღლეს სასწავლებლებშიც, როგორებიცაა МГИМО, МГУ, რუსეთის ფინანსური აკადემია და სხვები. ერთ-ერთი ასეთი მცირე დიასპორალური ორგანიზაციაა ქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია, რომელიც არ არის მასობრივი ორგანიზაცია, მაგრამ ცდილობს შეავსოს ერთ-ერტი დიასპორალური ნიშა. დავუმატებთ, რომ ეს საზოგადოებები მეტწილად საზოგადოებრივია (რასაც NGO ჰქვია) ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ვინაიდან ისინი ზოგჯერ მორალურ მხარდაჭერასაც კი არ ღებულობენ მოსკოვში არსებული წარმომადგენლობებისაგან.

3. რა კულტურულ საქმიანობას ეწევა დღეს სათვისტომო?

”ქართველთა საზოგადოებას რუსეთში” აქვს ფილიალები რუსეთის დაახლოებით 30 რეგიონში, ჰყავს ახალგაზრდული ორგანიზაცია და წარმატებით ართმევს თავს ქართული შემოქმედებითი კოლექტივების მობილიზაციას, როცა ეს საჭიროა. როგორც ”სათვისტომოს” ასევე ”ქართველებს რუსეთში” ჰყავთ მომღარალთა და მოცეკვავეთა ჯგუფები, ქართული ენის შემსწავლელი კურსები და სხვა. ... აქ დასამატებელია ...

4. გამოიცემა თუ არა რუსეთში ქართული პრესა და წიგნები? იქნებ მანდ მყოფი რომელიმე პოეტის ან მწერლის ნაწარმოები გამოგვიგზავნოთ, ან მხატვრის სურათები...

პერიოდული – არა! თუ გამოვიდა რაიმე ბოლო 15 წლის განმავლობაში, მხოლოდ პირველი და მეორე ნომრები, შემდეგ პერიოდული გამოცემები თავიანთ არსებობას წყვეტდნენ. გამონაკლისი არის ჟურნალი ”ემიგრანტი-XXI”, რომლის თუ არ ვცდები, სამი ნომერი გამოვიდა ბოლო წლებში. რაც შეეხება თანამედროვე ავტორების წიგნებს, ისინი გამოდიან მეტ-ნაკლები სისტემატურობით და ეს უფრო ავტორის მონდომებაზე და სპონსორზეა დამოკიდებული. ასეთია მაგალითად დავით გაბუნიას ლექსების კრებულები. ხშირია გამოფენები, როგორც თბილისიდან ჩამოტანილი, ასევე მოსკოველი ქართველების მიერ შექმნილი სურათებისა. ახლა, რეპრესიების შემდეგ ეს შეიძლება შემცირდეს. კულტურის ნაწილია საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებიც, რომლებიც ბლომად იყო მოსკოვში და რომლებიც პოპულარობით სარგებლობდნენ. ქართველისათვის სუფრა უპირველეს ყოვლისა სულიერი საზრდოა (nutrimentum spiritus), მაგრამ ხაჭაპური და საცივი კულტურის ის ელემენტებია, რომლებიც ქართველობის დავიწყების საშუალებას არ მოგვცემს.

5. ბატონო ბადრი, თქვენ კონფერენციაზე (2006 წლის მაისი, თბილისი) თქვით, რომ ყველა ქართველს თავისი წილი სამშობლო თან მიაქვს, სადაც არ უნდა წავიდესო. იქნებ მითხრათ, რა არის სამშობლო..

უფრო სწორად, თან მიჰყვება. თითოელ ჩვენგანს კი შეუძლია, ქრისტეს ერთი იგავის მსგავსად, ან გაფლანგოს, ან ჩამარხოს (თავის თავში), ან გაავრცელოს და გაამრავლოს. საქმე იმაშია, რომ დღეს სამშობლოს გარეთ ცხოვრება სხვაგვარად გამოიყურება. ... ადრე საქართველოდან გასული იოლად ასიმილირდებოდა. თითქმის არ არსებობს ამის გასაბათილებლად მაგალითი. მხოლოდ ძირძველ მიწაბზე საქართველოს სახელმწიფოს გარეთ დარჩენილი ქართველური მოსახლეობა ინარჩუნებდა საუკუნეების განმავლობაში თავის მეომას. გამონაკლისი ალბათ ერეიდანიზ, სადაც მასობრივად გადასახლებულებმა 300 წელი შეინარჩუნეს თჱვითშეგნებაც და ენაც. რა არის სამშობლო. შევეცდები ვუპასუხო. ეს არ არის ადგილი, სადაც დაიბადე. ასეთი განმარტება მარტივია და უმართებულო. არც ის ადგილია, სადაც შენი მშობლები ცხოვრობდნენ. სამშობლო ალბათ ისტორიული ცნებაა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა გაგება უნდა ჰქონდეს. დღემდე სამშობლოს ცნება უმთავრესად ტერიტორიას უკავშირდებოდა, სადაც შენი ერის ფორმირება მოხდა. ამ ტერიტორიას დროდადრო მონიშნავდნენ ხოლმე. საზღვრები ყოველთვის, შეიძლება ითქვას, არ იყო ისე მკვეთრად დემარკირებული, როგოც ჩვენ ვიცით ჩვენი გამოცდილებიდან. სასაზღვრო ზოლი ზოგჯერ ძალიან ფართო იყო. იგი ”ცოცხალი” იყო და მოძრაობდა კიდეც. ამიტომ მკვეთრი განსაზღვრა მხოლოდ სახელმწიფოებს შორის არსებობდა (ისიც იმიტომ, რომ შემდეგ დაერღვიათ). საქართველოსა და რუსეთს შორის, თუ არ ვცდები, ბოლო ასეთი შეთანხმება 1920 წელს იყო ხელმოწერილი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ. სამშობლოს გეოგრაფიული განმარტებისთვის ქართველებმა რამდენჯერმე მიმართეს ფორმულას. პირველი საკმაოდ ამორფული იყო და გამოიხატება ოქროს საწმისის მეტაფორით, ისიც უფრო ბერძნებმა გვისახსოვრეს. მეორე ფარნავაზისა იყო: ქართული წიგნის გავრცელების არეალით შემოიფარგლა ქართლი და ქართველის სამშობლო. მესამე ქრისტიანული იყო და მართლმადიდებლობის კრისტალიზაციიდან გამოდიოდა: ქართლად ყოველი ქვეყანა აღირიცხების, სადაც ქართულითა ენითა ლოცვა აღევლინების... საინტერესო იყო დავით აღმაშენებლის მიდგომა. ამ დროს ქართული სახელმწიფო ეთნიული ნათესაობის ფარგლებს სცილდებოდა და სამშობლოს სხვა გაგებას ეტანებოდა — არა სისხლისმიერი ნათესაობა მხოლოდ, არამედ სულიერი და კულტურული ერთობა, რომელიც დასაბამიდან იმ დღემდე ყალიბდებოდა. სამწუხაროდ, მოვლენები ისე განვითარდა, რომ ეს ვერ მოხერხდა. რიგი საუკუნეების განმავლობაში პოლიტიკურად სუსტი კავშირების პირობებში კულტურული ერთობლიობა მაინც არსებობდა და ალბათ შეგნება ამ ერთობლიობისა, იმ სულიერი ნათესაობისა, რომელიც სამიათასი წლის განვითარებამ მოიტანა, განაპირობებდა იმას, რომ ქართველისთვის სამშობლო გაცილებით ფართო ცნება იყო, ვიდრე ერთი ქართული სამთავრო, ან თუნდაც რომელიმე ერთი ქართული სამეფო. ბოლო ფორმულირება სამშობლოისა, რომელიც დღემდე არის, ილიას ეკუთვნის, მან ”მოიგონა” ახალი დროის საქართველო, რეალობად აქცია და დაიცვა. სამშობლოს ცნება კონკრეტულ ტერიტორიაზე მატერიალიზდება, კონკრეტული ხისა და კონკრეტული ქვის ტკივილი ჩვენი ტკივილიცაა. მაგრამ ძირითადი ის სულიერი სისავსეა, რომელიც ამ ხისა და ქვის შინაგანი მხარეა და რომელსაც ჩვენვე ვთხზავთ (ათასეული წლების განმავლობაში). ამიტომ, სადაც წავალთ თან გაგვყვება. თუმცა ქართველი თავისი ტოლერანტუ;ლი ბუნების გამო ყოველთვის სხვისას აყენებს წინ. და მერე სამწუხაროდ ხშირად თავისას ჰკარგავს. დღეს ჩვენი სამშობლო ის საერთო წარმომავლობაა, რომელიც დღემდე შევქმენით, რომელსაც დღესაც ვქმნით და რომელზეც მომავალშიც ვიზრუნებთ. დღეს მეტია შანსი იმისა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღმოვჩნდეთ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე – ახალგაზრდობაში, მოხუცებულობაში. სადაც დავიბადებით და მერე სადაც წავალთ, ის ახალ-ახალი ადგილები ვერ იქნება ჩვენი სამშობლო. ჩვენი სამშობლო ის საერთო წარმომავლობაა, რომელიც საქართველოში გამოიძერწა. ის კულტურაა, რომელიც ქართულმა არეალმა დაბადა. ის ფსიქოლოგიური და კომუნიკაციური ტიპია, რომელიც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა მამებმა. და არა მხოლოდ: სამშობლო მარადიულია და იგი ამიტომ ჩვენს მომავალსაც გულისხმობს. როგორ შეიძლება არ დავკარგოთ სამშობლო? ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებით! რომლის უპირველესი მატარებელი ენაა, მუსიკა, სიმღერა, ცეკვა. ტრადიციული ყოფის სრულად შენარჩუნება აბსურდია, მაგრამ მისი შენახვა-განვითარება სავსებით რეალურია. რატომ ცდილობენ დღეს ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში ქართული ღვინის სახელის წაშლას? დღეს უკვე, ასევე ამ ქვეყანაში, ცდილობენ ახალი ეროვნულობა შესძინონ ”ბორჯომს” (ჩამოასხეს ”რუსსკი ბორჟომ”), თუ ქართული ცეკვის წრეები ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ მოიხსენიებოდა როგორც ”ქართული ცეკვის წრეები”, დღეს რუსეთში უკვე ცდილობენ მათი დასახელება შეცვალონ ”კავკაზსკი ტანეცით”. ნუ გაგვიკვირდება, თუ ყველასთვის კარგად ნაცნობი ისტორიული ადგილები, მოვლენები და პიროვნებებიც ასევე გაუუცხოვონ ქართულ წარმომავლობას. ამის ნიშნები საბჭოთა დროშიც მრავლად იყო. (ამ ტექსტს კიდევ უნდა დაფიქრება. ბ.ქ.)

6. რას აპირებს სამომავლოდ, განაგრძობს თუ არა ისევ მოღვაწეობას ქართული სათვისტომო რუსეთში ამ პოლიტიკური დაპირისპირების შემდეგ? და ხომ არ ფქრობთ, რომ სათვისტომოზეც განხორციელდება ეთნიკური წმენდა?

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განვაგრძოთ. დიასპორის არსებობის პირობების გაუარესება რა თქმა უნდა მოქმედებს მასზე. ვიდრე რუსეთში ქართველების დევნას დაიწყებდნენ ეთნიკური ნიშნის მიხედვით, აშკარა იყო პოზიტიური ტენდენციები ურთიერთდაახლოებისა მათ შორის, ვისთვისაც უფრო ღირებული იყო ეროვნული თვითმყოფადობა და ვისთვისაც მეტად მნიშვნელოვანი იყო კარიერული და პროფესიული ზრდა. დღეს რუსეთში ერთგვარი შიში არსებობს იმისა, რომ პირველთა მოღვაწეობის შესუსტებას, ხოლო მეორეთა ანტი-ქართულ პოზიციებზე გადაბირებას შეეცდებიან. ჩვენ კი დასაკარგი არავინ გვყავს.

7. ბატონო ბადრი, ჩათვლით თუ არა, რომ თქვენმა თაობამ თავისი მოღვაწეობით და საქმიანობით საქართველოს და ქართველი ერის წინაშე თავისი ვალი მოიხადა

შეიძლება ჩემი თაობის ნაწილი თავს დაკარგულ თაობად აღიქვამდეს, და ეს ასეც იყო, როცა საქართველოს ყოველნაირი იმედი გადაწურული ჰქონდა. მაგრამ თითო აგურისარათუ მიტანას, დადებასაც მოვახერხებთ. ამიტომ დაკარგულად თავს ვერ ჩავთვლით. ვალიც ჯერ არ მოგვიხდია. შუა გზაზე თუ უღრანში აღმოვჩნდით... ეს ყველამ ვიცით... დაკარგვის უკვე შიში აღარ გვაქვს. ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია და იმ შესაძლებლობებში, რაც გვაქვს. ეპოქა ილიამ დაიწყო და ზვიადმა ვერ შესძლო პრაქტიკულად საქართველოს ახალ ეპოქაში გადაყვანა. ჩვენს დროს ნამდვილად ესაჭიროება თავისი ილია და ალბათ გამოჩნდება. მას კი მომავალი შეაფასებს.ქართველ დიდ მოღვაწეებს თუ ჩავუკვირდებით, ეს პროგრამა დაწერილია. იგი ქრისტიანულ ჰუმანიზმს, ადამიანურ სიყვარულსა და თავისუფლების ფასეულობებს ემყარება. იმედიც იმიტომ დაგვიბრუნდა, რომ გზა გამოჩნდა...

8. რას დაუბარებთ თქვენს შთამომავლობას, როგორ უნდა იცხოვრონ ისე, რომ ნამდვილი ქართველი ერქვათ...

ჩემს თანამედროვეებს ვეტყვი, ენა შეინარჩუნონ თავად და ეცადონ შვილებსაც შეუნარჩუნონ. ინტერნეტმა მსოფლიო დააპატარავა. ეძიეთ ქართული საიტები საურთიერთობოდ. შექმენით ვირტუალური საქართველოები და მოიპატიჟეთ მეგობრები და ახლობლები.

9. დღეს რას ეტყვით ქართველ ერს?

მომავალი ჩვენია.

10. როგორ აფასებენ რუსული საზოგადოება და პოლიტიკური საზოგადოება დღევანდელ ურთიერთობებს?

საქართველოში იმედი კვლავ გაჩნდა და ეს ცოტას არ ნიშნავს. თუ შევძლებთ პატერნალური ჩვევებისგან თავის დაღწევას, გამოვალთ მდგომარეობიდან. მარტო მთავრობის შეცვლა ვერ გვიშველის. ჩვენც უნდა შევიცვალოთ, თავად, ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ მთავრობას, რომელსაც ქვეყნის ამოყვანა სურს რუსული ბოლშევიზმიდან. ისე, მარტო ჩვენზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული. თუ რუსეთთან დღევანდელ ურთიერთობებს გულისხმობთ, ნამდვილად არ არის კარგი. პერსპექტივაც ახლო მომავლისათვის არც თუ ისე სახარბიელო ჩანს. საგაზაფხულო და საშემოდგომო გაწვავებები კვლავ მოსალოდნელია. მომავალი კი ალბათ კარგი გვექნება.

ბ.ქ.

2006 წლის შემოდგომა