ქსპერტები ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის შეცვლას არ ელიან, თუმცა თავად პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავენ ბეჭდვა
17:48 - 03.11.2010

amerikis_archevnebi.jpgამერიკის შეერთებული შტატების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, დემოკრატებმა კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობა დაკარგეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ "რესპუბლიკელებს" შუალედურ არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტმა წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელების ლიდერს ჯონ ბეინერს სატელეფონო საუბარში მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობა შესთავაზა. საუბარია, კერძოდ, უმუშევრობის დონის შემცირებაზე. გამოკითხვის წინასწარი შედეგების თანახმად, ქვედა პალატაში რესპუბლიკელები 129 ადგილს მიიღებენ, ხოლო დემოკრატები  - 75-ს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ამერიკის კონგრესის ქვედა პალატაში დემოკრატებს 495 ადგილიდან 255 ეკავათ, რესპუბლიკელებს კი – 178. კიდევ ორი ადგილი თავისუფალი იყო. იმ რესპუბლიკელებს შორის, რომლებმაც ადგილები შეინარჩუნეს, აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინიც არის, რომელიც სენატორის თანამდებობაზე უკვე მეხუთედ არის გადარჩეული.

იმაზე, თუ რამდენადაა მოსალოდნელი, არჩევნების ამგვარმა შედეგებმა ამერიკის საგარეო პოლიტიკურ კურსზე, კერძოდ, საქართველოსთან და რუსეთთან ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს, "პირWელი" ქართველ ექსპერტებს ესაუბრა.

irakli_sesiashvili137.jpgუსაფრთხეობის პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის აზრით,  "რესპუბლიკელების გამარჯვება აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს, თუმცა ეს ნაკლებად შეეხება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომლის კუთხით ამერიკა, როგორც წესი,  სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, პოლიტიკური ძალების პოზიციებს შორის განსხვავება კი შესაძლოა, მხოლოდ განსხვავებულ მიდგომებში გამოიხატებოდეს".

"ჩემი აზრით, არჩევნების ეს შედეგი გარკვეულწილად აისახება ობამას პოლიტიკურ მმართველობაზე და ის შეეცდება, საზოგადოებისთვის უფრო მეტად მისაღები ნაბიჯები გადადგას, თუნდაც ამას მისი თანაგუნდელი დემოკრატები არ იზიარებდნენ. ეს, მათ შორის, შესაძლოა, მცირედით საგარეო ვექტორებსაც შეეხოს, თუმცა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამომავლო სოციოლოგიური კვლევების შედეგები გამოკვეთს, რომ პრეზიდენტის პარტიის რეიტინგის დაცემა უფრო მეტად სწორედ საგარეო პოლიტიკური კურსის საზოგადოებისთვის მიუღებლობით არის გამოწვეული. ობამას სამომავლო პოლიტიკური მიდგომები სწორედ ამის მიხედვით "გამოსწორდება", - განუცხადა "პირWევლს" სესიაშვილმა.

ramaz_sayvarelidze.jpgმისგან განსხვავებით, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს არჩევნების შედეგები იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ "რუსეთთან მიმართებაში ობამასეული რომანტიკული  "გადატვირთვის" ხანა დასრულდა და ამ მიმართულებით ცვლილებებს უნდა ველოდოთ".

"დემოკრატების ბოლოდროინდელი მმართველობის განმავლობაში რესპუბლიკელების კრიტიკა უპირველესად სწორედ ობამას მიერ ინიცირებულ "გადატვირთვას" შეეხებოდა. რესპუბლიკელები მუდმივად აცხადებდნენ, რომ კრემლთან მიმართებაში ვაშინგტონს უფრო მკაცრი პოლიტიკით უნდა ეხელმძღვანელა. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ არჩევნებით "გადატვირთვის" რომანტიკული ხანა დასრულდეს. ვფიქრობ, ამ მიმართულებით ახალ მიდგომებს უნდა ველოდოთ", - განუცხადა "პირWელს" საყვარელიძემ.    

zurab_abashidze-eqsperti.jpgრუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი ზურაბ აბაშიძე საყვარელიძის აზრს არ იზიარებს და არჩევნების შემდეგ რუსეთთან მიმართებაში ამერიკის პოლიტიკაში ცვლილებებს არ ელის.

"უპირველესად, უნდა ითქვას, რომ ამ არჩევნებზე რესპუბლიკელების მხრიდან უფრო დიდი წარმატების მიღწევის მოლოდინები არსებობდა. რა თქმა უნდა, ის შედეგიც, რომელსაც რესპუბლიკელებმა ქვედა პალატაში მიაღწიეს, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, მან ოფიციალური ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაზე რაიმე გავლენა იქონიოს. წინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მნიშვნელოვანი სამიტი გველის და იქ რუსეთთან მიმართებაში საინტერესო პოზიციები დაფიქსირდება. ვფიქრობ, ჩვენ რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის მომსწრენი გავხდებით, რადგან ალიანსსა და კრემლს ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ. აქვე მინდა, აღვნიშნო ისიც, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ხარჯზე არ გაკეთდება. ანუ, ამერიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგებისგან ცვლილებებს არც საქართველოს მიმართ პოლიტიკაში უნდა ველოდოთ", - განუცხადა "პირWელს" აბაშიძემ.  

mamuka_areshidze138.jpgექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე ასევე ემხრობა იმ აზრს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის სტრატეგია არ შეიცვლება, თუმცა მოელის, რომ "თავად საგარეო პოლიტიკა უფრო აგრესიული გახდება".

"ვფიქრობ, შეიცვლება რუსეთ-ამერიკას შორის მიმდინარე "გადატვირთვის" პოლიტიკის ფორმა, მაგრამ არა სტრატეგია. რესპუბლიკელებს არჩევნებზე წარმატების მიღწევით დამატებითი ბერკეტი ეძლევათ იმისათვის, რომ ობამას ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის წარმოებისას უფრო მეტი სიმკაცრე და აგრესიულობა მოსთხოვონ. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში უფრო მეტ აგრესიულობას უნდა ველოდოთ", - განუცხადა "პირWელს" არეშიძემ.   

badri_qutelia.jpegფილოსოფიურ მეცნიერებათა კანდიდიდატი, რუსეთში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი ბადრი ქუთელია ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებებს არ გამორიცხავს, მაგრამ რადიკალურს არ ელის.

"უმრავლესობაში ყოფნის დროს დემოკრატიის მხარდაჭერაზე უარი არც დემოკრატებს უთქვამთ და მათი მმართველობის დროსაც საქართველოს მხარდაჭერა აშკარა იყო და სხვა საკითხია, რომ ეს რამდენადმე უფრო ლატენტურად ხდებოდა. ვფიქრობ, ამმხრივ ამ არჩევნების შემდგომ სიტუაცია უფრო ინტენსიურად განვითარდება და ამას შესაძლოა, საქართველოს მიმართ ევროპული ქვეყნების კეთილგანწყობის ზრდა დაემატოს. საკუთრივ ამერიკულ პოლიტიკაში რესპუბლიკელების მოღვაწეობის წილის ზრდის გამო მოიმატებს დემოკრატიის მხარდაჭერა ყოფილ საბჭოთა რეგიონებში, მაგრამ ამავე დროს, არ არის გამორიცხული იზოლაციონისტური ტენდენციის დაფიქსირებაც. საქართველო-ამერიკა-ევროპის კავშირებში ალბათ, გაიზრდება ამერიკის პოზიციის როლი, რაც ევროპის პლაცდარმზე საქართველოს პოზიციების გამყარებაში გამოიხატება", - განუცხადა "პირWელს" ქუთელიამ.

ამასთან, ქუთელია ვაშინგტონსა და კრემლს შორის "გადატვირთვის" პოლიტიკის შესაძლო გააქტიურებასაც ელის.

"აქამდე იგი უფრო იმ გაგებით არსებობდა, რომელიც პუტინისტურ რუსეთს აწყობდა, ანუ არა აქტიურად. ამერიკულ პოლიტიკაში ცვლილებებს კი შეიძლება, "გადატვირთვის" მომავალი გააქტიურება მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, რუსეთის გადემოკრატიულების პროცესს დააჩქარებს, ეს კი ესოდენ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩევნთვის, არამედ თავად რუსეთის მოქალაქეებისთვის" - მიიჩნევს ქუთელია.

შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელთა შედეგად კონგრესის წარმომადგენალობითი პალატის სრული შემადგენლობა აირჩიეს. სენატში 100 სენატორიდან 36 გადაირჩიეს. იმავდროულად 37 შტატში გუბერნატორთა არჩევნები გაიმართა, ასევე შტატებისა და ქალაქების ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების, პროკურორთა და სხვა არჩევითი თანამდებობების არჩევნები ჩატარდა.

ლევან ჭითანავა

საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google
 
ფანჯრის დახურვა
Hosted by uCoz