ქუთაისის მემორიალის შესახებ

ბადრი ქუთელია

„პრინუჟდენიე კ ლუბვი“ - დაძალებული სიყვარული (2)

ქუთაისის მემორიალზე უკვე ბევრი ითქვა და აღარავისათვის აღარაა საეჭვო, რომ მცირე ინფორმაციული მიზეზიდან იგი დიდ ინფორმაციულ საბაბად პოლიტიკური სპეკულაციებისა და ინსინუაციების გამო იქცა. უკვე საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო აღარ აღიქმება უმწეო ქვეყნად, რომელსაც შარი ადვილად შეგიძლია მოსდო, მაგრამ ჩვეულება თავისას შვრება და ზოგჯერ უკმაყოფილების ნერვიულ წამოძახილად გამოვლინდება ხოლმე - “2008-ში ცხინვალის რეგიონში ამერიკას ცხვირში მოხვდა”, ეს კი “კარგი წკიპურტი იქნება ქართულ ცხვირზე“. ითქვა 2008 და 2009 წლებში.

როგორია „ქუთაისის კომპლექსის“ დანგრევის გამო გამოწვეული მედია-, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტიობა. მედია-აქტიობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არათუ საქართველოში, არამედ რუსეთშიც კი „კომპლექსს“ ხანგრძლივად ყურადღება არ მიუპყრია. საქართველოში და ქართველობა უფრო მეტადაც კი აქცევდა ამასყურადღებას. რუსეთში ძალიან მალე განსჯა იმის შესახებ, რომ წინაპართა ხსოვნას პატივი უნდა ვცეთ (რაც მართალია), გადავიდა მსჯელობაზე იმის შესახებ, რომ ეს იმ ქვეყნისა და ქალაქის საქმეა, სადაც კომპლექსი მდებარეობდა. თან უმატებდნენ, რომ სააკაშვილი საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას, რომელმაც საბჭოთა რუსეთი იხსნა ფაშიზმისაგან, მემორიალის გარეშე არ დატოვებსო. ეს დამატება ზედმეტია, იმიტომ რომ, პირველი - ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის პრეროგატივა; მეორე - საქართველოში ბევრი ქალაქის ცენტრში დგას ფაშიზმთან მებრძოლთა და უცნობი ჯარისკაცის ხსოვნის ძეგლები; და მესამე - იმიტომ რომ ქართველისათვის საბჭოთა ჯარისკაცი ყოველთვის იგივე არ არის, რაც სამშობლოს თავისუფლებას სიცოცხლეშეწირული გმირი.

რადგან ვიხმარეთ სიტყვა „ყოველთვის“, საჭიროა მისი განმარტებაც. ქართველ ფაშიზმთან მეომართა უდიდესი ნაწილი იბრძოდა და დაიღუპა ყირიმში და კავკასიის მისადგომებთან. თუ არ ვცდები, სკოლის პროგრამული ლექსი იყო ირაკლი აბაშიძის „კაპიტანი ბუხაიძე“ – „მე, ქართველი ბუხაიძე, ბალყარეთის მთებში ვწევარ, რომ შემეძლოს საფლავიდან, ძმებო, მხრების წამოწევა, მე სიცოცხლეს ხელმეორედ შევწირავდი იმავ მხარეს, შევწირავდი იმავ მიწას, დღეს რომ მხრებზე დამაყარეს“. ბალყარეთის შემდეგ სვანეთი იწყება და გასაგებია რასაც იცავდა კაპიტანი ბუხაიძე (თუმცა, გვარი უცნაურ ასოციაციებსაც იწვევს). ლექსში, ცოტა ქვევით უფრო საინტერესო სიტყვებია: მედგრად დავდგეთ, მკერდით შევკრათ დერბენტი და დარიალი. აქ უკვე ვეღარ ვიტყვით, რომ ჩვენი კაპიტანი მხოლოდ საბჭოთა ჯარისკაცია ანდა, მხოლოდ იმ დროის ჯარისკაცია. აი, ამისთანა თავშეწირულთა ხსოვნას ძეგლი მართლაც აკლია - არსად ჩანს თბილისის მისადგომებთან 1921 წლის თებერვალში დაღუპულ გმირთა მემორიალი. საბჭოთა საქართველო ხომ არ იზრუნებდა ამაზე? თბილისის უცნობი ჯარისკაცის მემორიალი, რომელიც ვაკის პარკში იდგა, საბჭოურის გარდა სხვა უფრო განზოგადებული მნიშვნელობის მატარებელიც იყო. ამ მნიშვნელობის ჩადება თავის დროზე აუცილებელი იყო, რათა უცნობი ჯარისკაცის ნეშტის გადმოსვენებას მხოლოდ საბჭოთა არგუმენტაცია არ ჰქონოდა. მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა არა მხოლოდ ჰიტლერული ფაშისტებისაგან სამშობლოს დამცველის, არამედ უფრო ზოგადი მოძალადეობის საწინააღმდეგო და სამართლებრივი აზრი.

ქუთაისის კომპლექსში ამგვარი რამ არ იყო ჩადებული. მხატვრული ღირებულების მქონე ეს ძეგლი, ვისაც ახლოდან გაქვთ ნანახი, დამეთანხმებით, საკმაოდ ხელოვნურად იყო მისადაგებული თემასთან, რომელიც დღეს კრიჭაში ჩამდგარ მოძულეს საწკიპურტედ სურს გამოიყენოს. ვიდრე გადავიდოდეთ პოლიტიკურ მესიჯებზე, რომლებიც ბოლო დროს ბლომად იყო ქართველებისათვის გამოგზავნილი (კითხვა რომ არ ვიცით, რა ვქნათ?), შევეხოთ თვით ძეგლის მნიშვნელობას. საქართველოსა და ქუთაისში გაცილებით მეტის თქმა შეუძლიათ მასზე, ვიდრე პოსტსაბჭოური ემიგრაციის ქართველებს, მაგრამ მე მაინც ჩემსას გავიხსენებ.

ხშირად მიხდებოდა ქუთაისის ტრასაზე მანქანით გავლა და შეუმჩნეველი არ დამრჩენია ბეტონის ხორა, რომელიც ქალაქის განაპირას ცარიელ მინდორზე იდგა (ეს მინდორი, მე მგონია, არ ყოფილა ქუთაისელთა თაყვანისცემის გამოხატვის ადგილი). გაუთავებლად ვკითხულობდი, რა არის ეს, წარსულის რომელ გმირებს ეძღვნება-მეთქი. პასუხი ვერ მივიღე, ალბათ ქუთაისის რაიკომში თუ ეცოდინებოდან, ან აღმასკომში. შემდეგ ძეგლს ფილებიც დაემატა და ჭედური ნაკეთობებიც. არ დავიზარე და ერთ-ერთი ჩავლის დროს ძეგლისაკენ შევუხვიე, რათა ახლოდან მენახა ეს მშვენიერი ნაკეთობები. კვლავ ბევრჯერ ვიკითხე, რა არის ეს, რისთვის ააშენეს-მეთქი. ალბათ მშენებლებისათვის უნდა მეკითხა, მაგრამ სად ვნახავდი მათ და ეცოდინებოდათ კი, რა ააშენეს? თუ კარგად მახსოვს, ისევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს, რომელსაც რა თქმა უნდა ქალაქკომის დახმარებით ვატარებდით, აგვიხსნეს, ქუთაისში ისტორიული ადგილი არ არის, სადაც ახლადხელმოწერილი საბჭოთა ახალგაზრდობა ხელის მოწერის შემდეგ მივაო, და ახლა გვექნებაო. ალბათ მიდიოდნენ კიდეც, განსაკუთრებით, თუ კომკავშირი მოითხოვდა. ადგილი კი მოუხერხებელი იყო. თუ რა გადახდა თავს ამ ძეგლს საბჭოურ-ნომეკლატურულ-რევანშის დროს, ამაზე უკვე სხვაგან ითქვა.

პუტინის მიერ საბჭოთა ჯარისკაცის ქუთაისური მემორიალის მოსკოვში დადგმის განცხადების შემდეგ მედიას ყურადღება ძლიერ გაიზარდა. პრესა და რადიო ცდილობდა პროცესში მკითხველთა და მსმენელთა ჩართვას და რასაკვირველია, ამას ახერხებდა, მაგრამ ინტერაქტიურ რადიოაუდიტორიაში თითქმის არ მოიძებნებოდა ქართველი. ხოლო არაქართველთა მსჯელობებში იმპერიული ნოსტალგია გამოსჭვივოდა. აჟიოტაჟი მალე ჩაცხრა და საუბრებიც უფრო აწონილი გახდა. თურმე ბევრი რუსი ისევე აღიქვამს მემორიალის პოლიტიზირებას, როგორც ქართველები - სირცხვილია დაღუპულ გმირთა ხსოვნით სპეკულირება.

ჩრდილოელი მოკეთის მესიჯი კი ასეთი იყო: ჩვენ მხოლოდ თქვენდამი სიყვარული გვამოძრავებს.მართალია, 2008-ში დაგვაბრალეს, თითქოს აგრესია განგვეხორციელებინოს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში ვითომდა სააკაშვილის გამო საქართველოს ამ დასჯის მიზეზიც ჩვენი თქვენდამი სიყვარული იყოო - იძულებულები ვიყავით საქართველოსათვის მშვიდობა დაგვეძალებინაო (პრინუჟდენიე კ მირუ). რუსეთ-საქართველოს ომიდან წელიწადზე მეტი გავიდა და ახლა თაფლაკვერი გვაქვს თქვენთვის გამზადებულიო - ჩვენ დაგიამებთ იმ გულისტკენას, რომელიც საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლის დანგრევამ გამოიწვია თქვენშიო. და ვინაიდან ქუთაისზე ხელი ვერ მიგვიწვდება (ჯერო), პოკლონნაია გორაზე დავდგამთ მოსკოვშიო. მემორიალის მოსკოვში დადგმას ქართველი პატრონებიც გამოუჩნდნენ. ესეც თავისებური მესიჯია. ”ხომ ისევ დარჩნენ ჭეშმარიტი ქრისტიანენი საქართველოში!” (ქრისტოფერ მარლო, „თემურლენგი“), - თუ საქართველოში არა, რუსეთში მაინცო.

თურმე ნოღაიდელს არაფერი არ ესაჭიროება ჩვენგან (ამომრჩევლებისაგან) იმისათვის, რომ პრეზიდენტი გახდეს - ეს მან მოსკოვში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა („მე თქვენგან არაფერი არ მინდა“). ლუჟკოვს გრიზლოვს და პუტინსაც შეუთანხმდა, რომ ამისათვის კარგი ადგილია პოკლონნაია გორა (თაყვანისცემის გორა). ქართველებს ამას არ დაჰკითხვია, მაგრამ თუ არა დააძალე, ისე თავს როგორ შეაყვარებ! ეს პოლიტიკას ჰგავს და რუსულ მოდელშიც კარგად ჯდება - მზრუნველი მამის ხელის მოყვარულ და ამ ხელს მონატრებულ ქართველ ხალხს გამოუჩნდა პატრონიო. იქნებ ეს უფრო პოლიტიკანობას ჰგავს და არა პოლიტიკას; ვინაიდან პუტინისათვისაც ლუჟკოვისა და გრიზლოვისათვისაც დღეს უკვე აშკარაა, რომ ეს ფუჭი თამაშია. იციან - გავიდა დრო, როცა ქართველისათვის ყოველ თითის დაქნევაზე ან ხმის გაჟღარუნებაზე ეს დაქადნება-ჟღარული ქართული მღელვარების ცენტრად იქცეოდა ხოლმე. საქართველოს თავისი გასაკეთებელი აქვს და მისი გზიდან გადაცდენა ვითომ-აქტუალური სატყუარებით დღეს თითქმის შეუძლებელია.

პუტინის ქართველებისადმი სიყვარულის მესიჯს, ქართველ საბჭოთა ჯარისკაცის ძეგლზე ზრუნვით გამოხატულს, არა მხოლოდ პოლიტიკანობანას, არამედ საზოგადოებრიობანას თამაშშიც აღმოაჩნდა თანამონაწილეები. სხვაგან არ ვიცით, ვინ და რამდენი, მაგრამ მოსკოვში ასეთი პირველ რიგში ხომერიკი იყო. მისთვის ეს თავის გამოჩენის კარგი საბაბი გამოდგა, მაგრამ იცოდა კი რაიმე ამ ძეგლის შესახებ, ვიდრე ეს ქართულმა მხარემ არ გააგებინა?. ან იქნებ სულაც პუტინის განცხადების შემდეგ გაიგო?

უფრო მნიშვნელოვანია მეორე ქართველი, რომელმაც ასევე მხარი აუბა პუტინის ინიციატივას. მიხეილ ხუბუტიამ, რომელსაც თავის დამატებით გამოსაჩენად ასეთი პიარი სულაც არ სჭირდება, დაიწყო იმით რომ წინაპრების ხსოვნა ხელშეუხებელია, მით უფრო თუ ეს წინაპრები სამშობლოსათვის თავდადებული გმირები იყვნენ. ამ ზოგადი ღირებულებებით ბევრი ოპერირებდა ძეგლთან მიმართებაში, მაგრამ იყო კი ეს ძეგლი ასეთი? საუბარია ჩვენი, ეხლანდელი თაობის ბაბუებისა და ბებიების შესახებ, საქართველოში კი დედ-მამასა და ბებია-ბაბუასაც არავინ აღიქვამს წინაპრად - ეს მოსკოვურ თინეიჯერულ მენტალიტეტშია ასე. სამშობლოს გმირებისა და ფაშიზმთან მებრძოლთა შესახებ ზემოთ ვთქვით. მაგრამ ისევ გვინდა იგივე კითხვა დავსვათ: რა იცოდა ბატონმა მიხეილმა ამ ძეგლზე იქამდე, ვიდრე მიღებულ იქნებოდა სამეურნეო გადაწყვეტილება გამოუყენებელი მონუმეტის აღების შესახებ. ხუბუტია მოსკოვურ ბიზნეს-ისტებლიშმენტში გამოკვეთილი პიროვნებაა და ვინაიდან მოსკოვური და რუსული ბიზნესი და წარმატებული საქმიანობა ხელისუფლების (თუ ძალაუფლების) ვერტიკალის მიმართ მკვეთრად გამოხატული ლოიალობის გარეშე შეუძლებელია, მისი რაეგირებაც ახსნადია.

ყველა უბრალოდ ქართველი, რუსეთუმე ქართველი თუ რუსი ლიბერალიც კი, ვისაც აწუხებს ქართველების მიერ საკუთარი „წინაპრების ხსოვნის დაკარგვა“, თავის პოზიციას ზოგადი ღირებულების შესახებ გამონათქვამებით ამაგრებს. დავუმატოთ, როგორც ლუჟკოვ-პუტინ-გრიზლოვისათვის, და მედვედევისათვისაც, ისევე ზოგი ქართველი მოტირალისათვისაც აშკარაა ამ თამაშის სიფუყე. მაგრამ საბჭოური ნოსტალგიის ინერცია და იხტიბარის არგატეხვის სურვილი აუცილებელს ხდის თამაშს. ეს ფუჭი თამაშია, ანუ სულაც არ ემსახურება თამაშში გაცხადებულ მიზანს. არა მხოლოდ პიარზე დახარბებული ხომერიკის ან რენომეზე მზრუნველ ხუბუტიასათვის, არამედ საქართველოსათვის ცრემლით ვარდდათრთვილული და გულ-მდუღრად-ანატირები (რუსთაველი)პრეზიდენტობის მსურველი ნუღაიდელების, გაჩეჩილაძეებისა და, წარმოიდგინეთ, ებრალიძისათვისაც, რომელსაც თუ არ ვცდები მემორიალზე არაფერი უთქვამს.

იკითხავთ, რომ დადგან? მაშინ ვინღა სთქვას ჩვენი ეს სათქმელი და ვინ სადღა იყოს (ბარათაშვილი)?

დადგან მერე!

თუ ქართველებს ლუჟკოვი ან სხვები თანხებს გამოუყოფენ ამ საქმისათვის, ან საშუალებას მისცემენ, იმდენი გამოიმუშაონ, რომ ეს საქმე დააფინანსონ, ალბათ დადგამენ! არაფერია, მხოლოდ აბსურდი გრძელდება.

რამდენიმე წლის წინ მიგვიწვიეს ბოროდინოს ბრძოლის წლისთავზე. დარბაზში ალბათ 100 კვ.მეტრის კედელზე თანაბარწილად იყვნენ წარმოდგენილი ნაპოლეონის, ანუ საფრანგეთის, დამმარცხებელი საქართველო - ბაგრატიონის პორტრეტი თანამედროვე ხუთჯვრიანი ქართული დროშით, და რუსეთი - კუტუზოვის პორტრეტი თანამედროვე სამფეროვანი რუსული დროშით. (ნეტავ რისი მესიჯია?!). წარმოიდგინეთ, საბჭოთა და ცარისტული ნოსტალგიით შეწუხებული რამდენი ყოფილი საბჭოთა და მეფის რუსეთის შვილი, რუსი ერის შვილების ჩათვლით, დარჩება გულნაკლული - რატომ ქართველები, და რატომ ჩვენ არაო. წერეთლის უზარმაზარ დიდი პეტრეს ძეგლსაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ, თუ მოიხსენიებენ...

ამას წინ კი ცნობილი ხდება, რომ თავყანისცემის გორაზე რუსის ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარადიული ცეცხლიც უნდა გადაიტანონ მოსკოვის ცენტრიდან. ასე რომ, ქართველებსა და რუსებს რომ გერმანიის დამარცხებაშიც თურმე ერთნაირი წილი გვიდევს, ყველასათვის ნათელი გახდება, მათ შორის ამერიკელების, ფრანგების, ინგლისელებისა და ყველა სხვა ერისათვისაც. დასაშვებია მეორე ვარიანტიც - მოსკოვის ალექსანდროვის ბაღის ეს თვალსაჩინო ადგილი შეიძლება უფრო ღირსეული და უფრო თანამედროვე გმირისათვის (გმირებისათვის) მზადდება. ჩვენ ხომ არ ვიცით!

20100204

ხო, მართლა! 2010 წლის 9 მაისის ზეიმზე ამერიკელებიც დაპატიჟეს, ინგლისელებიც, ფრანგებიც და პოლონელებიც კი, დსთ-ს ქვეყნების გარდა. საქართველო და გერმანია - არა. საქართველო რატომ არ დაპატიჟეს გასაგებია - ვაწყენინეთ ზოგ რამეში.

მაგრამ გერმანიამ რაღა დაუშავა, გაუგებარია.

თუ დღეს ვუშვებთ, რომ დამარცხებულია ფაშიზმი რუსეთში, განა გერმანიაში არ არის დამარცხებული?

გადადი ახალზე

Hosted by uCoz