რუსეთის ქართული დიასპორების წარმომადგენლების შეხვედრა მოსკოვში

მონაწილეთა გამოკითხვის შედეგები

აქ შეგიძლიათ ნახოთ 2005 წლის დიასპორის გამოკვლევის დიაგრამები

აქ შეგიძლიათ ნახოთ 1995 წლის მოსკოვის გამოკითხვის შედეგები

2005 წლის 2 მარტს რუსეთის საქართველოს საელჩოში მოსკოვში შედგა რუსეთის ზოგიერთი რეგიონის წარმომადგენლების შეხვედრა. მისი მასპინძელი იყო ქართველთა მსოფლიო ასოციაციის საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბატონი გურამ აბსანძე. საქართველოს პრეზიდენტმა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა საზღვარგარეთ მცხოვრებ და მოღვაწე თანამემამულეებისადმი მიმართვით და სპეციალური განკარგულებით (2004 წლის 21 ოქტომბერი).

ეს არ ნიშნავს, რომ ამ და მსგავსი გაერთიანებების შექმნა დირექტული წესით მოხდება, რაზეც ხაზგასმით მიუთითა ბ. გურამ აბსანძემ; გადაწყვეტილებების საფუძველი იქნება საკუთრივ დიასპორებიდან წამოსული ინიციატივა.

მოსკოვის შეხვედრას მოსკოვიდან და რიგი რეგიონებიდან ესწრებოდა 70-მდე წარმომადგენელი. გაიმართა მსჯელობა, რომელსაც სასარგებლო, ზოგჯერ პოლემიკური ხასიათიც კი ჰქონდა. გადაწყდა რუსეთის რეგიონში დაწყებულიყო საქმიანობა, რომლის შედეგი იქნებოდა რუსეთის ქართული დიასპორების კავშირების გააქტიურება და მოძრაობა მსოფლიო ასოციაციის შექმნისათვის. რა საკვირველია, აზრთა სიმრავლე აქაც იყო, მაგრამ ეს დადებით მომენტადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, თუკი რეგიონალურ დიასპორებს შორის დიალოგი და დისპუტი გაგრძელდება.

ვფიქრობთ, დიასპორალური ცხოვრების გააქტიურების მოთხოვნა დიასპორის შიგნით დიდი ხანია იგრძნობა (ვარდების რევოლუციის შემდეგ მაინც), რასაც ხელს უშლიდა (უშლის) ზოგ დიასპორალურ ორგანიზაციაში ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული მართვის ავტორიტარული მოდელი და უზურპატორული სტილი. საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა ამ აქციაში დაინახეს საკუთარი ინიციატივის გამოვლენის შესაძლებლობა. თუმცა, ერთი ნაწილი დანარჩენ მონაწილეებს სტატისტების როლს თავაზობდა.

ამ საკითხე საუბარი ფრიად სასარგებლო იქნება და მივესალმებით, თუ თქვენს აზრს მოგვაწვდით. ამჯერად კი, შევეხებით შეხვედრის მონაწილეთა სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს.

დარიგდა 60 კითხვარი. მათგან შევსებული დაგვიბრუნდა 33, რამაც შეხვედრის მონაწილეთა თითქმის ნახევარი შეადგინა. სოციოლოგიური გამოკითხვისათვის ეს მცირე რიცხვია, მაგრამ იგი ასახავს შეხვედრის მონაწილეთა აზრს და, ამავე დროს, გადმოგვცემს ქართული დიასპორის ერთი ნაწილის შეხედულებებს. ეს ნაწილი შეიძლება რუსეთში ქართული ცხოვრების ექსპერტებად მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საელჩოში შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ დიასპორების უაქტიურესი წევრები (რა თქმა უნდა, ყველას მოწვევა ვერ მოხერხდა, და ვერც ყველამ შეძლო ჩამოსვლა).

  __________________________________

გთავაზობთ დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრის მონაწილეთა სოციოლოგიური გამოკითხვის ზოგიერთ შედეგს (2005 წლის 2 მარტი):

რეგიონები . გამოკვლევაში სულ 13 რეგიონი აისახა, რომლებიც 7 ჯგუფად გავაერთიანეთ: მოსკოვი, მოსკოვის ოლქი, კალუგის ოლქი, ვლადიმირის ოლქი, ვორონეჟი, სამარა-სარატოვი, და სხვა (კარელია, კრასნოდარი, ჩელიაბინსკი). მონაწილეთა ნახევარზე მეტი მოსკოვიდან იყო.

საზოგადოებრივი ორგანიზაციები . რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ წარმოადგენენ ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს: “ქართველების საზოგადოება რუსეთში” (ფილიალებით) – 33 %, “მოსკოვის ქართველთა სათვისტომო” – 19%, ფონდი “კრედო” – 15%.

ასევე, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო: “აჭარა”, დუბნის სათვისტომო, “ბაგრატიონი” (10-10%%), “ოქროს საწმისი”, ქართველების ახალგაზრდული ფრთა, ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომია მოსკოვში, “შერიგება”, “ძალისა”, “ქართველ და რუს ხალხთა მეგობრობის ასოციაცია”, “დევნილთა ასოციაცია”, “დაბრუნება” საქართველოს კულტურული ცენტრი კარელიაში, ნოვოროსსიისკის საზოგადოება “საქართველო”, ფაბრიკა “ზოლოტაია იგლა” სარატოვში.

ჩამოთვლილთაგან ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა რეგიონალურ დიასპორებს ჰქონიათ “ქართველების საზოგადოებასთან რუსეთში” (პრეზიდენტი ივერი ფრანგიშვილი). შეხვედრაზე წარმოდგენილ რეგიონებს ურთიერთობა აქვთ სხვა რეგიონებთან: როსტოვთან, სარატოვთან, კრასნოდართან, სოჭთან, ეკატერინბურგთან და სხვა.

რამდენი ქართველია რეგიონებში. ჩვენი ექსპერტები რუსეთში გადმოვიდნენ 1961-2003 წლებში. მათი საქართველოდან ემიგრაციის პიკი 1992-1993 (9-9%%) და 1994-1995 (12-12%%) წლებზე მოდიოდა.გამოკითხულთა აზრით შეხვედრაზე წარმოდგენილ რეგიონებში საშუალოდ 117 ათასი ქართველია თითოეულში (თუ ამ ანგარიშს ვენდობით – დაახლ. მილიონ-ნახევარი წარმოდგენილ რეგიონებში).

დიასპორების საკოორდინაციო ორგანი და მსოფლიო ასოციაცია . რესპონდენტთა 77% თვლის, რომ რუსეთში უნდა არსებობდეს საზოგადოებრივი საკოორდინაციო ორგანო რუსეთში მოქმედი ქართული დიასპორებისათვის. თუმცა, ზოგს მიაჩნია, რომ რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციები ავტონომიურნი უნდა იყვნენ. ალბათ ისინიც არ გამორიცხავენ ავტონომიურ ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის აუცილებლობას.

ჩვენი ექსპერტების უმრავლესობა უყოყმანოდ ეთანხმებოდნენ მსოფლიო ასოციაციის შექმნის აუცილებლობასაც. მიუხედავად მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობისა (ფორმალური?), დარჩენილმა მცირე ნაწილმაც მსოფლიო ასოციაციის შექმნა სასურველად მიიჩნია.

რუსეთის ქართველების ზოგიერთი მახასიათებელი . როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრაში რუსეთის რეგიონების დიასპორების, ასე ვთქვათ, ელიტური, დიასპორების საქმიანობაში აქტიურად ჩართული და ეკონომიკურად დაწინაურებული ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. გამოკითხვის შედეგებიც პირველ რიგში რუსეთის დიასპორის ამ სეგმენტს ეხება და არა მთლიანად დიასპორას.

აღმოჩნდა რომ რუსეთის კვალობაზე ქართული დიასპორის ეს ნაწილი არც თუ ისე ცუდ პირობებში ცხოვრობს: მათი 66% ფლობს ბინას რუსეთში, ქირით ცხოვრობს 25%. რუსეთის მოქალაქეობა ჰქონია 61%. სამუშაოთი ყველა უზრუნველყოფილია (პენსიონრებს გარდა), 36% საბიუჯეტო ორგანიზაციაში, თითქმის ნახევარი კი – კერძო ან თვითდაფინანსებად ფირმაში.

დიასპორის აქტიური ნაწილის საშუალო შემოსავალი ბოლო ერთი თვის განმავლობაში იყო 20 ათასი რუბლი, რაც 700 აშშ დოლარს აღემატება. მაგრამ დაახლოებით მესამედის ნაწილი 5 ათას რუბლს არ აღემატებოდა, რაც საარსებო მინიმუმის ზღვარზეა. გამოკითხულთა შორის ბევრი იყო “მდიდარი” და ბევრიც “ღარიბი”; ეს დიასპორაში მაღალ საშემოსავლო დიფერენციაციაზე მიუთითებს.

დიასპორის ენები . ძირითადად 1992-2003 წლებში გადმოსულთა შორის ყველაზე გავრცელებული ქართული, შემდეგ მეგრული და ბოლოს რუსული ენები აღმოჩნდა (სურათი შეიძლება განსხვავებული იყოს 50-იან წლებში გადმოსულთათვის). ქართული თითქმის ყველას შენარჩუნებული აქვს, მაგრამ შეიმჩნევა ორი ტენდენცია – დიასპორაში ნავნობ-მეგობრებთან უფრო მეტად ხმარობენ ქართულსა და მეგრულს, ოჯახში კი იზრდება რუსულის წილი. საშუალო და უფროს თაობებს შორის სალაპარაკო ენების უმეტესად ქართული და მეგრული, მაგრამ შვილებთან რუსულად მოსაუბრეთა წილი რატომღაც მატულობს. ე.ი., დიასპორიდან ოჯახისაკენ და უფროსიდან მომავალი თაობისაკენ მცრიდება ქართველურის წილი და მის ხარჯზე მატულობს რუსულისა.

პრობლემა რუსეთის ქართველებისათვის. დიასპორის ამ ნაწილისათვის უპირველესი მნიშვნელობისაა გეოპოლიტიკური საკითხები – გლობალური დაპირისპირებები პოსტ-საბჭოურ რეგიონში და რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობა. შემდეგ – ეროვნულ-კულტურული, და მესამეა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.

________________________________________

საინტერესო იქნებოდა 2005 წლის გამოკითხვის შედარება 1995 წელს მოსკოვის ქართველებში ჩატარებულ მსგავს მცირე გამოკვლევასთან, რაც ცალკე სამუშაოა.

ვფიქრობთ, 2005 წლის დიასპორის წარმომადგენლების შეხვედრის სოციოლოგიურმა გამოკითხვამ ერთგვარი სურათი გვიჩვენა რუსეთის ქართველებისა. ჰგავს თუ არა იგი რეალურს? ალბათ ჰგავს. ნაწილობრივ მაინც.

აღნიშნულ თემაზე საუბრებს მომავალშიც გავაგრძელებთ.

გმადლობთ ყურადღებისათვის

2005 წლის გამოკვლევის დიაგრამები

1995 გამოკითხვის შედეგები

_______________________________________

ბადრი ქუთელია civiclab@yandex.ru http://civiclab.narod.ru

ქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია:

“დიასპორის სამოქალაქო ჯგუფი”.

03.21.2005.

 

Hosted by uCoz