roseქართულ სახლთან არსებული საზოგადოებრივი ლაბორატორია თემატური შეხვედრებისა და მრგვალი მაგიდების ციკლი

თემატური სემინარებისა და მრგვალი მაგიდების განხილვის ძირითადი საგანია გლობალური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების პირობებში ქართული დიასპორის ახლებური პოზიციონირება და, შეძლებისდაგვარად, შესაბამისი მექანიზმის შემუშავება.

შემოთავაზებული შეხვედრების ძირითადი თემაა: ტრადიცია, ალტერნატივა და ინოვაცია –  სიახლე თუ რესტავრაცია.  ამგვარი არჩევანი სოციალური შენარჩუნების, ცვლილებისა და განახლების მუდმივი ერთიანი პროცესის აქტუალიზაციაზე მიგვანიშნებს. სემინარებისა და მრგვალი მაგიდების კონკრეტული თემატიკა თანამედროვე ცხოვრების ხუთ ასპექტს ეხება. ესენია:

ა.     ტრანსფორმაცია,
ბ.    დემოგრაფია,
გ.    ინფორმატიზაცია;
დ.    კულტურული სოციალიზაცია;
ე.      გეოპოლიტიკა

ტრანსფორმაცია, დემოგრაფიული ცვლილებები და ინფორმატიზაცია ჩვენი თვალთახედვით განახლების, ჩვენს ცხოვრებაში სიახლის შემოტანის, ანუ ინოვაციის აქტუალიზებული პროცესის ძირითადი შემადგენელი ნაწილებია.

ტრანსფორმაცია  ადამიანის ფსიქოლოგიური და სოციალური ტიპის, სოციალური ჯგუფების თვისობრივი მახასიათებლების განახლების აუცილებლობაზე მიგვანიშნებს.  

დემოგრაფიული ცვლილებებიც სოციალურ ინდივიდთა და მათ ერთობლიობათა დემოგრაფიული ქცევის შეცვლის აუცილებლობაზე მეტყველებს. მიგრაციისა და გარე მიგრაციის ზრდა არა მხოლოდ ქართული კულტურულ-ტერიტორიული ერთობლიობის პრობლემაა, არამედ საერთო ”ნომადიზაციის”  ნაწილია. თუ ჩვენი გარე-მიგრაციის ძირითადი მიზეზი საქართველოში საომარი მოქმედებები, პოლიტიკური რეპრესიები და ეკონომიკური მტაცებლობა იყო, მის გადასაჭრელად ამ მიზეზების გაქრობა არ კმარა. საჭიროა გაზრდილი გლობალური სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა სახის ცვლილებების გათვალისწინება, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ.

ინფორმატიზაცია. კიდევ ერთი სიახლეა, რომელიც გვაიძულებს ჩვენი მოქმედებები ახლებურად მოვიაზროთ. მისი ყველაზე აშკარა ნაწილი ინტერნეტია; მაგრამ თავად ინტერნეტი, ერთის მხრივ, გაზრდილი ვირტუალიზაციის შედეგია, მეორეს მხრივ კი, ვირტუალიზაციის  ერთ-ერთი ძლიერი კატალიზატორია. ეს ბრძოლის ახალი ასპარეზია, არანაკლებ მტკივნეული, ვიდრე ხმლით ომი და გაცილებით ძლიერი საშუალება, ვიდრე ტრადიციული საბრძოლო ტექნიკა. ვირტუალიზაცია შეიძლება ჩვენი მეგობარი აღმოჩნდეს, თუკი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შევძლებთ, და მტერი, თუ ინფორმაციულ ნაკადები საკუთარი ინტელექტუალური ტრადიციის, სულიერი გამოცდილებისა და შიდა ენობრივი ფორმის საცერში არ  გავატარეთ.

კულტურული სოციალიზაცია სწორედ სოციალური და ეროვნული შენარჩუნების მექანიზმად შეიძლება იქცეს. ეს ძალზე რთული და ფართო საკითხია. მაგრამ მისი გადაწყვეტა მხოლოდ პრაქტიკული მოქმედებით შეიძლება. ფაქტობრივად, თუ არ გვსურს, როგორც სოციალურ-კულტურული ერთობლიობა და/ან ცაკლეული სოციალურ-კულტურული ინდივიდი ანუ პიროვნება, წაგვლეკოს ერთბაშად მოზღვავებულმა უაღრესად მრავალფეროვანმა და ერთდოულად სახიფათო და სასარგებლო ინფორმაციულმა ნაკადმა, თითოეული ადამიანი უნდა იქცეს სოციალურ-კულტურულ მთლიანობად, რომლის კარები და ფანჯრები ღია იქნება, მაგრამ კედლები იქნება მაღალი და მძლავრი. ცალკეული ადამაინის ეკონომიკური წარმატება ვერ იქნება მისი, როგორც ადამიანური მთლიანობის გადარჩენის საწინდარი – შეიძლება პირიქითაც კი აღმოჩნდეს, ვინაიდან ეკონომიკური შესაძლებლობა ერთბაშად მოვარდნილი ინფორმაციული ნაკადის უსაზღვრობის ტოლი იქნება. მხოლოდ კულტურული პროცესის გამგრძელებლის როლი შეესატყვისება ძლიერი კედლებისა და ღია კარების მეტაფორას. ჩვენი თემატური სემინარები და მრგვალი მაგიდების ციკლი მოზარდთა ტურიზმს და ექსტერიტორიალურ სკოლას განიხილავს, როგორც პრობლემის პოზიტიური გადაწყვეტის ერთ-ერთ საშუალებას.

ცვლილებისმუდმივი პროცესის მაგალითად გვსურს შემოგთავაზოთ დესოვეტიზაციისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხები. ორივე საკითხი დაკავშირებულია ევროპული გზის რეალიზაციის მისაღებ ფორმასთან, რომელიც საქართველოს სამი ათასი წლის ისტორიის მანძილზე არ იყო სულ ისეთი, როგორიც ბოლო ორი ასეული წლის განმავლობაში. სამი ათასი წლის წინათ ევროპული ცივილური არეალის ნაწილი კულტურული საქართველო ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში ეძებდა დაბრუნების გზებს. ზოგჯერ ეს გზა მრუდე და მცდარი იყო (თუმც, შეიძლება, ერთადერთი), და თითქმის არასოდეს – პირდაპირი. დღევანდელი დაპატარავებული მსოფლიოსა და გაზრდილი ევროპის პირობებში პირდაპირი გზის რეალიზაცია შესაძლებელი გახდა. თუ ადრე სულხან-საბა ცდილობდა საფრანგეთს დაკავშირებოდა ოსმალეთის იმპერიის გვერდით ავლით, დღეს ევროპა ცდილობს შემოვიდეს თურქეთის გავლით თუ გაუვლელად. თავისუფალი რუსეთისა და თავისუფალი საქართველოსათვის ეს საკითხი ერთნაირად მნიშვნელოვანია, და მისი გადაწყვეტა მათ ერთად შეუძლიათ. თუმცა, გზები შეიძლება სხვადასხვა იყოს.

ზაფხულში ქართულ სახლთან არსებულ საზოგადოებრივ ლაბორატორიაში ჩატარდა თემატური შეხვედრები

იმედის დაბრუნება – ქართული ტრანსფორმაცია საუკუნეთა მიჯნაზე. ტრანსფორმაციის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. 1992 წლის ამბების თბილისურ ნაწილს გადავხედეთ დღევანდელი სიტუაციიდან. დღეს ყველას ერთად და ცალ-ცალკე კიდევ ერთხელ მოგვეცა შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ პოლიტიკური, სოციალური და კულტურული რეალობების პოზიტიურ ცვლილებაში

“ქართულ-ქართული”, “ქართულ-აფხაზური”, “ქართულ-ოსური” თუ სხვა კონფლიქტები პოსტ-იმპერიულ და ანტი-იმპერიულ პოლიტიკას შორის დაპირისპირების შედეგი იყო.  12 წლის წინ ჩვენ ძმათა ომმა, პოლიტიკურმა რეპრესიებმა და ეკომონიკურმა გაჭირვებამ დაგვატოვებინა სამშობლო. მსოფლიო დღეს სულ სხვაა. სად უფრო გამოვდგებით? მამა-პაპისეული მამული ის ადგილია, სადაც დაბრუნდება ყოველთვის სჯობს არდაბრუნებას. ამის დავიწყება არ შეიძლება.

რუსეთის ინფორმაციული სივრცის ქართული სეგმენტი. რუსეთის ინფორმაციულ სივრცეში ქართული სეგმენტი უმნიშვნელოა. თანაც ეს სივრცე უმეტესად უარყოფითია. ქართული სეგმენტის არსებითი ნაწილია სატელიტური ტელევიზია, რომელიც თავის აუდიტორიას პასიური ობიექტიდან ინფორმაციის აქტიურ სუბიექტად აქცევს.

შეხვედრები კვლავ მიეძღვნება ქართული ცვლილებების, დემოგრაფიის, გარე მიგრაციის, მოზარდთა სოციალიზაციის პრობლემებს, გლობალური განახლებით გამოწვეული ახალი პოლიტიკური და კულტურული მოთხოვნების საკითხებს. ვარდების რევოლუციის ფენომენი, “როუზ–როუდ” – გზა ევროპისაკენ,  რუსეთი და საქართველო – “სამუდამოდ ერთად”  — ასეთია მომავალი შეხვედრების საორიენტაციო თემები.

ბადრი ქუთელია

სექტემბერი, 2004

© Badri Kutelia
©civiclab 2004
წერილი ცივიკს
Hosted by uCoz